English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ მურმან კვარაცხელია
გლობალური კრიზისი და ეკონომიკის მდგრადი განვითარების თეორიული პრობლემები

DOI:   10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.03.KVARATSKHELIA

ანოტაცია. სტატია ეძღვნება  დღევანდელი გლობალური კრიზისის გამომწვევ  მიზეზებსა  და მის  მოსალოდნელ  შედეგებს  უახლოეს პერსპექტივაში. მსოფლიო კრიზისების ისტორია  ადასტურებს, რომ მისი მიმდინარეობისას ყალიბდება სრულიად განსხვავებული გარემო-პირობები, რომელიც ახალი ეკონომიკური წესრიგის დამყარების საფუძველი ხდება. ეს ეხება საზოგადოების განვითარების ყველა სფეროს და, უპირველესად ეკონომიკასა და მისი რეგულირების სისტემის სრულყოფას. ახალი მოვლენები მოითხოვს ახლებურ მიდგომას, ახალი ინოვაციური თეორიების შექმნას. არსებული გამოწვევები რთულ  მდგომარებაში აყენებს ეკონომიკურ პროგრესს და ადამიანების კეთილდღეობას.  

საზოგადოების განვითარება დინამიკური პროცესია, იგი მუდმივად იცვლება. ასეთი  ცვალებადობა ყოველთვის პროგრესული და  დროის მოთხოვნის ადეკვატურია. იგი, ასევე ეხება ახალი ეკონომიკური თეორიების შექმნასა და მის პრაქტიკაში რეალიზაციას.  ამ პროცესების  მასტიმულირებელ ფაქტორად ხშირად  ეკონომიკური  კრიზისები გვევლინება, მისი წარმომავლობის მიუხედავად.

ისტორიული პროცესების  დინამიზმიდან გამომდინარე, ყოველ მოვლენას, თუ მოხდება მისი სწორად გააზრება, თავისი დადებითი მხარე გააჩნია.  ამ შემთხვევაში იგულისხმება კონტროლს დაქვემდებარებული კრიზისები და მისი თანმდევი შედეგები, რაც ხელს უწყობს ახალი კონცეფციების შექმნის სტიმულირებას.

ეკონომიკის მდგრადი განვითარება, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს ეკონომიკურ  თეორიაში სხვადასხვანაირად აისახება. აქ  იგულისხმება ეკონომიკის ცენტრალიზაცია, საბიუჯეტო სახსრების პროპორციულად განაწილება, რეგიონებისადმი უნიფიცირებული მიდგომა, სახელისუფლებო უფლებამოსილების გამიჯვნა, მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა, რეგიონის ეკოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინების აუცილებლობა და ცხოვრების სტანდარტების შექმნა.

მდგრადი განვითარების თეორიას სრულად პასუხობს რეგიონული ეკონომიკის „რეგიონი-ბაზარი“ და „რეგიონი-სოციუმი“ პარადიგმები. ეს განპირობებულია სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტებით, რაც მოითხოვს რეგიონული განვითარების  კომპლექსური პროგრამების შედგენასა და რეალიზაციას. საინტერესოა თვით ტერმინის გენეზისი. ეს ტერმინი პირველად გამოყენებული იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კომისიის მიერ, 1987 წელს. მასში ¬ “ჩვენი საერთო მომავალი”, შემოთავაზებული იყო მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა გაგრძელებულიყო ეკონომიკის უწყვეტი განვითარება ახლანდელი თაობის მოთხოვნათა დაკმაყოფილების გასაუმჯობესებლად,  მომავალი თაობების არსებობისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

1992 წელს კი რიო-დე-ჟანეიროში გარემოსა და განვითარების საკითხებზე ჩატარდა მეორე მსოფლიო კონფერენცია, რომელზეც შემუშავებული და მიღებული იქნა პროგრამა – “დღის წესრიგი XXI  საუკუნისათვის”,  სადაც ასევე გადმოცემულია მდგრადი განვითარების არსი და ამოცანები. 2000 წელს გაერომ მიიღო  ათასწლეულის დეკლარაცია, რომელშიც გადმოცემულია მდგრადი განვითარების 8 მიზანი. 2015 წლის 25 სექტემბერს კი გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“, რომლის დღისწესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას [აბესაძე რ. 2020].                            

სტატიაში ჩამოყალიბებული თეორიის სრულყოფის აუცილებლობა განპირობებულია საბაზრო ეკონომიკის მოქმედი მოდელის ჩიხურ მდგომარეობაში შესვლითაც. აქედან გამოსავალი ახალი მიზნობრივი მსოფლმხედველობისა და განვითარების სამომავლო ფილოსოფიის ჩამოყალიბებაა, რასაც კიდევ მეტად აჩქარებს დღევანდელი გლობალური  კრიზისი, რომელიც გამოწვეულია პანდემიური პროცესებით.

საზოგადოების განვითარების დინამიურმა განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში გაბატონებული დემოკრატიის ეფექტიანობის პრობლემაც, რომელიც მოითხოვს უფრო პროგრესული მოდელით   მის  ჩანაცვლებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ეკონომიკის მდგრადი  განვითარების ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების ინდიკატორებიც ცვალებადია. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეისათვის მსოფლიოში გაბატონებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლის, მთლიანი შიდა პროდუქტის დიქტატი, ხელს უწყობს გრძელვადიანი შედეგებისა და ტენდენციების იგნორირებას. ეს კი, ქვეყნების განვითარების სოციო-ეკოლოგიურ-ეკონომიკური ზრდადი ტენდენციების მუხრუჭად შეიძლება იქცეს. სწავლულ ეკონომისტ-ექსპერტთა მოსაზრებებში უკვე გაჩნდა ახალი მიდგომების აუცილებლობა მდგრადი განვითარების კუთხით. ამ შემთხვევაში მთავარია წარმოების მაჩვენებლის  ჩანაცვლება  კეთილდღეობის მაჩვენებლით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მდგრადი განვითარების სამ მთავარ კომპონენტს - ეკოლოგიურს, სოციალურსა და ეკონომიკურს.

მიმდინარე გლობალურმა კრიზისმა გამოავლინა სახელმწიფო მექანიზმებისა და ბაზრის არაეფექტიანობაც. ამის შედეგად გამოიკვეთა ახალი მიდგომებისა და კრიტერიუმების აუცილებლობა სახელმწიფოსა და ბაზარს შორის მდგრადი ურთიერთობების ოპტიმიზაციის ძიების კუთხით. ასეთ პირობებში სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს  ფასებზე კონტროლი, არ დაუშვას სოციალურად არაეფექტური რეფორმები, საკუთრების უფლების დარღვევა და არასწორი საგადასახადო სისტემის დაკანონება. ეს ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების, სოციალური სფეროს გაძლიერებას, სადაც პრიორიტეტული იქნება სიღარიბის შემცირება, ჯანმრთელობის დაცვა და განათლება. ეს საბოლოოდ ხელს შეუწყობს უთანასწორობის შემცირების წინაპირობას ქვეყნებში და ქვეყნებს შორის, რაც თანამედროვეობის ერთ-ერთ გლობალურ  გამოწვევად რჩება.   

საკვანძო სიტყვები: გლობალური კრიზისი, მდგრადი განვითარება, მდგრადი ზრდა, ეკონომიკური თეორია, ეკოლოგიური და ეკონომიკური პოსტულატები.

შესავალი

მსოფლიოში დროდადრო მოვლენილი ეკონომიკური კრიზისების ისტორია  ადასტურებს, რომ მათ შედეგად იქმნება განსხვავებული გარემო-პირობები, რომელიც ახალი ეკონომიკური წესრიგის დამყარების საფუძველი ხდება. ეს ყოველთვის ატარებს სისტემურ ხასიათს და მოითხოვს მისი გადაწყვეტის გზების ძიებას.

ასეთ პირობებში საზოგადოების მართვის თეორიებიც სრულყოფის მოლოდინშია ყოველთვის, რადგანაც ძველი თეორიები ჩამორჩებიან ახალ მოთხოვნებს და არსებული სხვადასხვა მოქმედი მოდელები მოქმედის ჩიხურ მდგომარეობაში შესვლის ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. აქედან გამოსავალი ახალი მიზნობრივი მსოფლმხედველობისა და განვითარების სამომავლო ფილოსოფიის ჩამოყალიბებაა, რასაც კიდევ მეტად აჩქარებს დღევანდელი გლობალური პანდემიური  კრიზისი.

საზოგადოების განვითარების დინამიკურობიდან გამომდინარე დღის წესრიგში დგება მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში გაბატონებული დემოკრატიის ეფექტიანობის პრობლემაც, რომელიც ეკონომიკის მართვის ერთ-ერთი ფორმაცაა და დროის მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ხდება უფრო პროგრესული მოდელით   მისი  ჩანაცვლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ეკონომიკის მდგრადი  განვითარების ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების ინდიკატორებიც ცვალებადია. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის მსოფლიოში გაბატონებული მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებლის, მთლიანი შიდა პროდუქტის დიქტატი, ხელს უწყობს გრძელვადიანი შედეგებისა და ტენდენციების იგნორირებას. ეს კი, ქვეყნების განვითარების სოციო-ეკოლოგიურ-ეკონომიკური ზრდადი ტენდენციების მუხრუჭად შეიძლება იქცეს. დღევანდელ პირობებში, როდესაც გლობალური პანდემიის ქაოსში გაეხვია მსოფლიო და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა - ეკონომიკა, დღის წესრიგში დადგა ახალი მიდგომების აუცილებლობა მდგრადი განვითარების კუთხით. ამ შემთხვევაში მთავარია წარმოების მაჩვენებლის  ჩანაცვლება  კეთილდღეობის მაჩვენებლით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მდგრადი განვითარების სამ მთავარ კომპონენტს - ეკოლოგიურს, სოციალურს და ეკონომიკურს.

*    *    *

დღევანდელმა  მიმდინარე გლობალურმა პანდემიურმა პროცესებმა მსოფლიო ეკონომიკა სისტემური კრიზისის რკალში  მოაქცია. გაჩნდა სრულიად განსხვავებული რეალიები, რომლებიც ახალ მიდგომასა და მეცნიერულ შეფასებას  მოითხოვს. ფაქტია, რომ ასეთი მოულოდნელი რყევებისათვის არც ერთი ქვეყანა არაა მომზადებული, ვინაიდან  რეალური პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ასეთ პირობებში, ცხადია   აქტიურად  მიმდინარეობს  კრიზისის გადალახვის გზების ძიება.

კრიზისი უკვე სრულ ფაზაშია შესული და  მისი დასრულების პერიოდი გაურკვეველი. კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კეთდება როგორც ოპტიმისტური, ასევე პესიმისტური პროგნოზები. ინტერესმოკლებული არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ფონდ  „Principal Investors”-ის ხელმძღვანელის, ექსპერტ კაილ შოსტაკის უახლესი პროგნოზი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელით გაკეთდა. მისი აზრით, მსოფლიო ეკონომიკის მოსალოდნელი შედეგები საგანგაშო იქნება უახლოეს პერსპექტივაში. მოსალოდნელია  მსოფლიო ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის დაცემა   4,9%-ით, ანუ  მისი შემცირება 4,2 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობით. ყველაზე განვითარებული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი დაეცემა  8%-ით, ევროზონაში კი - 10,2%-ით[4].  მსოფლიო ვაჭრობა კი ამ საპროგნოზო მონაცემებით  დაეცემა 12%-ით, რომელიც ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი გახდება  განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების აღდგენისათვის. ეს პროგნოზები საბოლოო არაა და შესაძლებელია გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციებიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უახლოეს მომავალში ანტივირუსული ვაქცინის შექმნა რეალურად გააუმჯობესებს მოსახლეობის მობილობასა  და ფინანსურ მდგომარეობას.  თუ  ვირუსის ახალი ტალღა წამოვიდა, მაშინ მოცემული მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება.

უნდა აღინიშნოს,  რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებაში მარტო  მთლიანი შიდა პროდუქტის დაცემა არაა  ერთადერთი ფაქტორი,  რასთანაც შეიძლება ჰქონდეთ საქმე სახელმწიფოებს. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია ადამიანური რესურსების განლაგება  ეკონომიკის სტაგნაციურ და უფრო ზრდად სექტორებზე. ამ შემთხვევაში, არაა გამორიცხული ამ  ქვეყნებმა  აქცენტები  გააკეთონ საგარეო სესხებზე და მასზე  დამოკიდებულები გახდნენ.

აქედანცხადია, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარება ბევრწილად უფრო ნეგატიური პროცესების მოლოდინშია, ვიდრე პოზიტიურის. ყოველივე ეს მოითხოვს ახალ მიდგომებს, რაც  მეცნიერული თეორიების  განახლებასაც გულისხმობს. ცნობილია, რომ ისტორიულად ეკონომიკური თეორიები დროის მოთხოვნის ადეკვატურად იქმნებოდა  და რეალური პრობლემების გადაწყვეტის გზებს  პასუხობდა. ცხადია, არსებული კონცეფციები სრულყოფისა და განვითარების პროცესშია. ამ შემთხვევაში იბადება აზრთა სხვადასხვაობა და ჩნდება ახალი მიმართულებები.  ცნობილია, რომ კრიზისის გამომწვევი მიზეზი თითქმის არასდროს ექვემდებარება კონტროლს და როდესაც იგი გაჩნდება და საზოგადოებაში მოიკიდებს ფეხს, მეცნიერება უკვე  ერთვება ახალი  გზებისა და  კონცეფციების შექმნაში.   

გლობალურმა კრიზისმა აქტუალური გახადა  ეკონომიკის მდგრადი განვითარების თეორიული პრობლემები. საზოგადოებრივი პროგრესის საფუძველია სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რომელიც  საფუძვლიანად აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს  ბიოსფეროს  მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში.  ამდენად, მდგრადი განვითარების კონცეფციისთვის მნიშვნელოვანია მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების დროს გრძელვადიანი ეკოლოგიური შედეგების გათვალისწინება.

მდგრადი განვითარების კონცეფცია მრავალი ასპექტით შეიძლება განვიხილოთ. აქ, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია პოსტინდუსტრიული საზოგადოებისაკენ სწრაფვა მდგრადი მოძრაობის შედეგად, რომელიც დღის წესრიგში აყენებს საკითხს ქვეყნის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავების შესახებ. იგი  მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს მეცნიერებითა და ტექნოლოგიური რევოლუციით დამთავრებული, სადაც მნიშვნელოვანია მეცნიერებატევადი, ენერგოდამზოგავი და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა [Степин В. С. 2000]. გარდა ამისა, მდგრადი განვითარება შეიძლება განვიხილოთ როგორც ნამდვილი სოციალური რევოლუცია, რომელიც შეცვლის ეთიკურ დამოკიდებულებებს, თანამედროვე საზოგადოების ფასეულობებსა და ნორმების ღირებულებებს [Львов Д. С. 1999].

მდგრადი განვითარების მიღწევა კაცობრიობის პროგრესისათვის  მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთ სულ მოსახლეზე  მთლიანი შიდა პროდუქტის სხვაობის უფსკრულის  აღმოსაფხვრელად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სიღარიბის დაძლევისა და რესურსების თანაბარი გადანაწილების საშუალებით.  ასევე მასთან დაკავშირებულია  ეკონომიკაში ინოვაციური  მიმართულებების ჩამოყალიბება.

ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესის დაჩქარების პირობებში  რთულდება შინაგანი და საგარეო გარემოპირობები, რაც ქვეყანას არ  აზღვევს განვითარების შემაფერხებელი რისკებისაგან. ცნობილია, რომ  მოსახლეობის ეკონომიკური სიძლიერე და კეთილდღეობა ფასდება არა მარტო ნედლეულის  მოპოვებითა და ნახევარფაბრიკატების წარმოებით, არამედ სხვადასხვა სახეობის  მეცნიერებატევადი დარგების განვითარების მასშტაბებით, ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემებით, ხარისხიანი საგნების მოხმარების ფართო სპექტრით, ადამიანური მოთხოვნილების განვითარების საშუალებებით განათლების, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში [15].

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური განვითარების თეორიები სხვადასხვა ასპექტში ვლინდება ეკონომიკის მდგრადი განვითარების სფეროში. კერძოდ, ეს მდგომარეობს იმაში, რომ ეკონომიკური ზრდის თეორია უზრუნველყოფს ეკონომიკის ცენტრალიზაციას, რაც აუცილებელია განსაკუთრებული ხასიათის პროცესების სამართავად; არეგულირების პირდაპირი მეთოდების პრიორიტეტებს, რაც გასათვალისწინებელია კრიზისების დროს;  საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებისას სუბიექტივიზმის დაცვას, რაც უფრო მეტად აძლიერებს პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე; საბიუჯეტო სახსრების სწორად და პროპორციულად გადანაწილებას აუცილებელი საჭიროებისათვის; ქვეყნის რეგიონებისადმი უნიფიცირებულ მიდგომას, განსაკუთრებით ეკოლოგიის,  ამ გლობალური მასშტაბის საკითხისადმი და რაც მთავარია, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანების საცხოვრებელი მინიმუმის უზრუნველყოფის საქმეში და სხვა.

ეკონომიკური განვითარების თეორია კი უფრო სხვა ასპექტში ვლინდება. იგი უზრუნველყოფს, უპირველეს ყოვლისა, სახელისუფლებო უფლებამოსილების გამიჯვნას, რეგულირების ირიბი მეთოდების პრიორიტეტის აღიარებას, მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას, საგადასახადო  ბაზის გადანაწილებას, რეგიონის ეკოლოგიური შესაძლლებლობების  გათვალისწინების აუცილებლობას, ცხოვრების სოციალური სტანდარტების შექმნას და სხვა[ Куликова Е. И.;85].

ეკონომიკური კრიზისების დროს, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას, ეკონომიკური ზრდის თეორია აღიარებს რეგულირების პირდაპირი მეთოდის პრიორიტეტს. სწორედ ამ პრობლემის ირიბ დამოკიდებულებას ეხება 2009 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში ელინორ ოსტრომი,  რომელმაც დაამტკიცა, რომ ბუნებრივი ობიექტების კოლექტიური მმართველობა არსებითად უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე ამას აკეთებენ სახელმწიფო ორგანოები [9]. ეს, ჩვენი აზრით,  აიხსნება იმით, რომ სახელმწიფოს პოზიციებიდან არაა დიდი განსხვავება იმაში, თუ რომელი რეგიონი წარმოადგენს ამა თუ ბუნებრივ რესურსებს, რამდენადაც მისი ამოწურვა კონკრეტულ რეგიონში უარყოფითად მოქმედებს როგორც მის ეკონომიკურ და შრომით პოტენციალზე, ასევე  მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე.

მდგრადი განვითარების თეორიის მოთხოვნებს უფრო სრულად პასუხობს რეგიონული ეკონომიკის ისეთი პარადიგმები, როგორიცაა „რეგიონი-ბაზარი“ და „რეგიონი-სოციუმი“. ეს განპირობებულია „მდგრადი განვითარების“ არსით, რაც  მოიცავს კაცობრიობის განვითარების სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს. ცხადია, რეგიონული  განვითარების კომპლექსური საკითხების გადაწყვეტა ქვეყნის მასშტაბით მოითხოვს  ინფრასტრუქტურული ინსტიტუტებისა და რეგულირების ინსტრუმენტების განვითარების აუცილებლობას საბაზრო მექანიზმების გამოყენების შედეგად.

გასულითწლეულების მანძილზე მდგრადი განვითარების თეორია, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე,  ყველაზე კვლევადი, სწრაფად განვითარებადი და პოპულარული გახდა. ამ თემაზე ჩატარდა ასობით კონფერენცია, დაიწერა  ათასობით მონოგრაფია, სახელმძღვანელო და ა.შ. შეიქმნა  სრულიად ახალი  ”პრაქტიკული” თეორია. მსოფლიოს ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ დაიცვას მდგრადი განვითარების მიმართულებები და რაც მთავარია, სახელმწიფოები  ბოლო წლების მანძილზე ოფიციალურ სახელმწიფო და საერთაშორისო დოკუმენტებში იყენებენ მდგრადი განვითარების კონცეფციას, როგორც  ძირითად  იდეოლოგიას.

მდგრადი განვითარების თეორიას  განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ბოლო წლების მანძილზე. ჯერ კიდევ 2015 წელს, ნიუ-იორკის კონფერენციაზე მიიღეს  მდგრადი განვითრების შესახებ კონცეფცია, რომელიც მოიცავს 2030 წლამდე პერიოდს.  ამ დოკუმენტში   შემუშავებულია მდგრადი განვითარების მიზნები ამ პერიოდისათვის და მოსაზრებები კონსესუსის პარადიგმებზე 21-ე საუკუნეში [პაპავა ვ. 2020].

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ კრიზისამდე, 2018 წელს, „რომის კლუბის“ წევრებმა ვაიცკერმა და ვიკმანმა გააკეთეს არც თუ ისე დამამშვიდებელი პროგნოზი კაცობრიობის მომავლის შესახებ. მათი დასკვნები ეხება ტრადიციული საბაზრო ეკონომიკის მოდელის ჩიხურ მდგომარეობას.  განვითარების მიზანი სუფთა ფინანსურ შედეგებზე იღებს ორიენტაციას, რაც  საშიშროებას წარმოადგენს. ეს მეცნიერები წერენ, რომ თანამედროვე „კრიზისი არაციკლურია, მაგრამ ძლიერდება. ის სისტემური ხასიათის მატარებელია და მოიცავს სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ, მორალურ, დემოკრატიის, იდეოლოგიისა და მთლიანად კაპიტალისტური სისტემის კრიზისს“ [Von Weizsäcker E.U., Wijkman A. 2018].  ცხადია, ორი წლის წინ გაკეთებული პროგნოზი დღევანდელობას აშკარად და სიმეტრიულად ეხმიანება. ამ ჩიხიდან გამოსასვლელად შემოთავაზებულია ახალი მიზნობრივი მსოფლმხედველობები, განვითარების ახალი ფილოსოფია, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის მდგრადობასა და მომავლის პრობლემის გადაწყვეტის თავისებურ ხედვას. გაჩნდა განვითარების ახალი კონცეფციის აუცილებლობა, რომელიც დააჩქარა დღევანდელმა გლობალურმა კრიზისმაც.

განვითარების დღევანდელი ეტაპი, ჩვენი აზრით, იძლევა იმის წინაპირობას, რომ ახლანდელი ტრადიციული  საბაზრო  მოდელის არსებობა ეჭვქვეშ დადგეს. ეს ბუნებრივი პროცესია საზოგადოების განვითარების დინამიკურობიდან  გამომდინარე. ეს თავისთავად აყენებს დასავლეთის ქვეყნებში არსებული დემოკრატიის ეფექტიანობის საკითხსაც, რომელიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს გარკვეულ ეტაპზე.  

ეკონომიკის მდგრადობის თეორიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია  მისი გაზომვის კრიტერიუმის განსაზღვრა. მდგრადი განვითარების ევოლუციამ მყარად ჩამოაყალიბა მისი განმსაზღვრელი მიზნები, ამოცანები და ინდიკატორები. აქ შეიძლება ლაპარაკი მდგრადობის ციფრულ მახასიათებლებზე, როდესაც მისმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და ეკოლოგიურმა მიზნებმა მიიღეს მისი რაოდენობრივი ინტერპრეტაცია, რაც შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მისი მონიტორინგი, კონტროლი და შესაძლო კორექცია.

ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე გადასვლის პრობლემა, რომელიც გამოიხატება ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების განვითარების ძირითად ინდიკატორებში, ეკონომიკური მეცნიერების წინაშე აყენებს რთულ ამოცანას - მოიძებნოს ისეთი მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს მისი სირთულეებისა და კომპლექსურობის პროგრესს. დღეისათვის გაბატონებულია მთლიანი შიდა პროდუქტის დიქტატი, რომელიც მაკროეკონომიკური პროცესებისა და პროგრესის შეფასების ერთადერთ მაჩვენებლადაა მიჩნეული. თუმცა იგი ხელს უწყობს  გრძელვადიანი შედეგებისა და ტენდეციების იგნორირებას. ეს ტენდეცია თითქმის ყველა ქვეყანაშია, რაც არაა გამორიცხული, ქვეყნების განვითარების სოციო-ეკოლოგიურ-ეკონომიკური ტენდეციების მუხრუჭად იქცეს.

მთლიანი შიდა პროდუქტის კრიტიკული შეფასებები უკვე გაეროს დოკუმენტებსა და ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტების  შრომებშიც გვხვდება. სტიგლიცი და სენი [Стиглиц, Дж. 2016] თავის მოხსენებაში აღნიშნავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი უკვე  ვერ მოიცავს გლობალიზაციის პირობებში  სხვადასხვა სოციალურ პროცესებს, გარემო პირობების ცვალებადობასა და ზოგიერთი  მდგრადი განვითარების  მოვლენებს. უკვე გაჩნდა ახალი მიდგომების აუცილებლობა პროგრესის გაზომვისათვის მდგრადი განვითარების კუთხით. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იკვეთება სიმძიმის ცენტრის გადატანა წარმოების მაჩვენებლებიდან კეთილდღეობის მაჩვენებლებზე. კეთილდღეობის შეფასება უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის კონტექსტში. თუმცა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ხშირ შემთხვევაში, გაიგივებულია შემოსავლების ზრდასთან. აუცილებელია კეთილდღეობა ბალანსირებულად ითვალისწინებდეს მდგრადი განვითარების  სამ  მთავარ კონპონენტს -  ეკოლოგიურს, სოციალურს და ეკონომიკურს. სწორედ ამ კონპონენტებზე უნდა იყოს გათვლილი ცხოვრების ხარისხიც.

აქედან ცხადია,  დღევანდელი გლობალური კრიზისი ამ სამი კომპონენტის მიმართ უფრო დახვეწილ მიდგომას მოითხოვს, რადგანაც არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი სწორედ მდგრადი განვითარებაა. ამიტომ აუცილებელია მისი რაოდენობრივი გაზომვის კრიტერიუმების არსებობა. ამდენად, მაჩვენებელთა არსებული რთული სისტემა  თანდათანობით დახვეწასა და დაბალანსებას მოითხოვს. ამ მიმართულებით დღეს არსებული ოფიციალური ინტეგრალური მაჩვენებლები და ინდიკატორთა  სისტემა პროგრესულია და პრაგმატულ მიდგომას საჭიროებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს მდგრადი განვითარების მიზნების სწორად განსაზღვრას, რომელშიც შედის მიზანთა ერთობლიობა, მათი ამოცანები და ინდიკატორები.

 მდგრადობის ინტეგრალური ინდიკატორებიდან შეიძლება გამოიყოს ორი ინდექსი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. ამ მხრივ ყველაზე პოლულარულია გაეროს ადამიანური განვითარების ინდექსი (Human Development Index), რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, განათლებასა და მატერიალურ კეთილდღეობასთან. ეს ინდექსი, უპირველეს ყოვლისა, გამოხატავს მდგრადობის სოციალურ ასპექტებსაც. ასევე საინტერესოა ბედნიერების ინტეგრალური ინდექსიც [9].

დღევანდელი გლობალური პანდემიური კრიზისიდან მსოფლიო ეკონომიკის გამოყვანის ხელშემწყობ ფაქტორად ეკონომიკის მდგრადი  განვითარებაც განიხილება.  ამასთან ცნობილია, რომ გაჩნდა ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების იდეაც, რომელიც თავისთავად გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის აუცილებლობას. ყოველივე ამის შედეგად იბადება  ერთი კითხვა იმის შესახებ, რომ  რა საშუალებები და როლი ექნება სახელმწიფოსა  და ბაზარს ამ სისტემაში, როგორი იქნება საკუთრების სტრუქტურა, სიმდიდრის განაწილების ხერხები, არათანაბარზომიერების აღმოფხვრა და სხვა. ეს საკითხები საჭიროებენ ადეკვატურ გადაწყვეტას. ცხადია,  სახელმწიფო მექანიზმებისა და ბაზრის არაეფექტურობამ მიიყვანა კაცობრიობა დღევანდელ სიტუაციამდე. აქ იკვეთება უკვე ახალი მიდგომებისა და მექანიზმების აუცილებლობა სახელმწიფოსა და ბაზარს შორის მდგრადი ურთიერთობების ოპტიმიზაციის ძიების კუთხით. ამის გარეშე არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება ისევ გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ანტიმდგრად განვითარებას. 

ეკონომიკურ თეორიაში ცნობილია სახელმწიფოს არაეფექტურობისა და ბაზრის ჩამოშლის მრავალი ფაქტი. სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება იყოს: სუბსიდიების გაცემა, ფასებზე  კონტროლი, სოციალურად არაეფექტური რეფორმები, საკუთრების უფლების დარღვევა, არასწორი საგადასახადო სისტემა, მმართველობაში ინსტიტუციონალური უკმარისობა და ა.შ.

ბაზრის ჩამოშლის ფაქტორებს შორის შეიძლება გამოიყოს ექსტერნალიის (საგარეო ეფექტების) ფენომენი, ბუნებრივ სიმდიდრეზე არაადეკვატური ფასების დაწესება ან შემცირება ან საერთოდ ბაზრის არარსებობა, საზოგადოებრივი კეთილდღეობა, ინფორმაციის ასიმეტრიულობა და ა.შ.  [Von Weizsäcker E.U., Wijkman A. 2018].

მნიშვნელოვანია  მდგრადი განვითარებისათვის სახელმწიფოსა და ბაზრის თეორიული და პრაქტიკული პრობლემების გაანალიზება.  ამ შემთხვევაში  ისევ დგება პრინციპულად ექსტერნალიის პრობლემა, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.

ახალი ეკონომიკური წესრიგი დღის წესრიგში აყენებს სახელმწიფოსა და საბაზრო ინსტრუმენტების  შემუშავებისა და გამოყენების  პრობლემას, განსაკუთრებით,  მდგრად განვითარებაზე გადასასვლელად. ამასთან  მნიშნველოვანია,  რა პროპორციები უნდა იყოს დაცული და მდგრადობის რა ახალი ინსტრუმენტები გამოყენებული. მდგრად განვითარებაზე გადასასვლელად მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს ტრადიციული და ახალი  ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება. სამართლებრივი და ეკონომიკური ღონისძიებების კონსტრუქციული შეთანაწყობა კი ამის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება.

ცნობილია, რომ მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი  მიმართულებაა სოციალური სფერო. გაეროს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების  2016-2030 წლების პროგრამის მთავარი მიზანია სიღარიბის შემცირება, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და  გენდერული თანასწორობა.

ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე გადასვლამ მისი მრავალწახნაგოვანი თავისებურებებისა და მიზნიდან გამომდინარე   უნდა გადაწყვიტოს ისეთი მტკივნეული პრობლემა,  როგორიცაა უთანასწორობის შემცირება,  როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნებს შორისაც. ეს  საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეკონომიკურ კონტექსტში აქ იგულისხმება  ადამიანების მიერ გამომუშავებასა და შემოსავლებს შორის სხვაობა. ნობელის პრემიის ლაურეატი   ამარტია სენი [Стиглиц, Дж. 2016] უთანასწორობის პრობლემაში გამოყოფს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მომენტს  ადამიანის არჩევის შესაძლებლობას  ან თავისუფლებას. აქ იულისხმება ის თუ ადამიანმა როგორ უნდა გააკეთოს ცხოვრების არჩევანი. მსოფლიოში ყველაზე თვალსაჩინოა გლობალური უთანასწორობა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან, სწავლაზე ხელმისაწვდომობასა და საბაზრო ტექნოლოგიების დაუფლებასთან მიმართებაში. როგორც ვხედავთ, უთანასწორობის პრობლემა  მომავალშიც იარსებებს მისგან მოსალოდნელი ნეგატიური შედეგებით, რომლებიც დაკავშირებულია უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან. ასეთ შესაძლებლობებს განეკუთვნება ჯანდაცვაში ხარისხიანი მომსახურება, მაღალხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე ეფექტიანი წვდომა და ა.შ.  

უთანასწორობის შემცირება გლობალიზაციის პერიოდის სერიოზული  გამოწვევაა. მისი გაუმჯობესებისა და შესაძლებლობების შესაძლო ამაღლებისათვის აუცილებელია  შემოსავლების დიფერენციაციის  თანდათანობით  შემცირება და მათი სამართლიანი გადანაწილება. ამ სფეროში მსოფლიოში განსხვავებული წარმატებებით აპრობირებულია ოთხი სტრატეგია, კერძოდ:  მაღალი და პროგრესული გადასახადი მოგებაზე, შეღავათები  შემოსავლების გადასახადიდან  დაბალი დონის შემოსავლებზე, გადასახადის გადამხდელების დაბეგვრა ყოველ ბავშვზე იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც მინიმალური შემოსავალი გააჩნიათ. ეკონომიკური უთანასწორობის ლიკვიდაციისთვის გასატარებელია შესაბამისი პოლიტიკა, განსაკუთრებით,  საბიუჯეტო, საგადასახადო და ხელფასისა და სოციალური დაცვის  სფეროებში.

 საკაცობრიო ცივილიზაციის განვითარება მრავალჯერადი კრიზისების ფონზე მიმდინარეობს, რაც სამწუხარო რეალობაა. იგი  მოითხოვს გადაწყვეტის  გზების სწრაფად ძიებას მსოფლიოს  ქვეყნებისათვის ეკონომიკის ახალი მოდელების შეთავაზების გზით. ტრადიციული ეკონომიკური მეინსტრიმის, რომელიც თეორიაშია გაბატონებული,  ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს  არსებული ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური დეფორმაციის აღმოფხვრა. მდგრადი განვითრების კონცეფცია, რომელიც  გაერომ და მისმა  წევრმა ქვეყნებმა 21-ე საუკუნის კაცობრიობის განვითარების პარადიგმების სახით მიიღეს, შეიძლება გახდეს თეორიული და პრაქტიკული გამოკვლევების საერთო პლატფორმა კრიზისიდან გამოსვლისათვის. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ბალანსირებული სოციო-ეკოლოგიურ-ეკონომიკური განვითარება გახდება  თანამედროვე არამდგრადი ეკონომიკური ზრდის შეჩერების ფუნდამენტური საფუძველი, რომელიც  ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის არსებითი  ცვლილების საფუძველია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მდგრადი ეკონომიკის აშენება ცალკე ერთ ქვეყანაში შეუძლებელია. დღევანდელი  გლობალური  ეკოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი ამისი ნათელი მაგალითია.

დასკვნა 

მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირებას, რომელიც გამოწვეულია პანდემიური პროცესებით, შეიძლება მოჰყვეს ადამიანისეული რესურსების გადალაგება სხვადასხვა სექტორებში, რომელიც გამოიწვევს ქვეყნების დამოკიდებულების გაზრდას საგარეო ვალებზე, რაც სახეზეა თანამედროვე ეტაპზე.

ეკონომიკის გამოყვანა სტაგნაციური პროცესებიდან, რომელიც ისევ გრძელდება,  მოითხოვს ახალ მიდგომებსა  და მეცნიერული ეკონომიკური თეორიების განახლებას. ახალი თეორიები დროის ადეკვატური უნდა იყოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მდგრადი განვითარების თეორიასაც, რომელიც ახალი სახის კრიზისიდან გამოსავლის ძიებასაც ითვალისწინებს.

გლობალური პანდემიური კრიზისის ყველაზე მწვავე და მგრძნობიარე შედეგია ეკონომიკის მდგრადი განვითარების პროცესებზე მკაცრი ზეგავლენის მოხდენა. ამ შემთხვევაში არსებული თეორიები მდგრად განვითარებაზე საჭიროებს ახლებურ გააზრებასა და მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ შემთხვევაში მდგრადი განვითარების კონცეფციის როლი უფრო გაფართოვდება და მიღებული ეკონომიკური გადაწყვეტილებებისას მთავარი იქნება გლობალური ფაქტორების გათვალისწინება. ამასთან, მდგრადი განვითარების მიღწევა დღევანდელ პირობებში განიხილება როგორც ნამდვილი „სოციალური რევოლუცია“, რომელიც საზოგადოების ფასეულობებსა და ღირებულებებს პროგრესულად შეცვლის.

მდგრადი განვითარების თეორიის  მნიშვნელობა არსებითად გაიზარდა, რადგანაც მისი გამოყენება შეიძლება როგორც იდეოლოგიის კრიზისების შემთხვევაში, ისე ეკონომიკის აღორძინების საქმეში.

ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე გადასვლამ ეკონომიკური მეცნიერება დააყენა ახალი პარადიგმის წინაშე. პრაქტიკული თვალსაზრისით აუცილებელია დადგინდეს ისეთი მაჩვენებელი, რომელიც სრულყოფილად ასახავს მის სირთულეებსა და კომპლექსურობას. დღევანდელი მდგომარეობით ამ მოთხოვნას სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი.უკვე დროა მეცნიერებამ იფიქროს მასთან ერთად გრძელვადიანი შედეგების შეფასებისათვის სხვა მაჩვენებელიც გამოიყენოს. ამ კუთხით მომსახურების ეკონომიკაზე გადასვლა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, შეიძლება უფრო პროგრესულიც აღმოჩნდეს, რასაც მსოფლიო სტატისტიკაც მოწმობს ამ ქვეყნებში სავაჭრო მომსახურების უფრო სწრაფი ტემპით ზრდის გამო  სამრეწველო წარმოებასთან შედარებით. ეს რეალური ხდება COVID-19-ით გამოწვეულ წარმოების დაცემის პერიოდის შედეგების ანალიზის შედეგადაც.  დღევანდელ ეტაპზე გამოიკვეთა ახალი ტენდენცია მდგრადი განვითარების კუთხით. ამ მხრივ მთავარ პრობლემად იკვეთება სიმძიმის ცენტრის გადატანა წარმოების  მაჩვენებლიდან კეთილდღეობის მაჩვენებელზე, რომელიც არაა  გაიგივებული შემოსავლების ზრდასთან. კეთილდღეობა სრულ კორელაციაში უნდა მოდიოდეს მდგრადი განვითარების ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ კომპონენტებთან.

ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის დამყარება შეუძლებელია მდგრადი განვითარების მიღწევის გარეშე, რაც გამორიცხავს სახელმწიფო მექანიზმებისა და ბაზრის არაეფექტურობას. ამის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტიც, რომ მომსახურების ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 75%-ს შეადგენს.

ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საზოგადოების სოციალური სფეროა, მისი მთავარი კომპონენტები კი, სიღარიბის შემცირება, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების გაუმჯობესებაა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უთანასწორობის აღმოფხვრის პრობლემას  სხვადასხვა სფეროებსა და ქვეყნებს შორისაც. აქაც სამრეწველო განვითარებასთან ერთად მომსახურების ეკონომიკის თანამედროვე ტექნოლოგიების რელსებზე გადასვლა ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის სათანადო წანამძღვრებს შექმნის.

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ. 2020. გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები. „ეკონომისტი“.

2. აბესაძე რ. 2020. პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული ასპექტები   მსოფლიოსა და საქართველოში. კონფერენცია „ეკონომიკა – XXI საუკუნე“.

3. აბესაძე რ. 2017 მდგრადი განვითარების თანამედროვე გლობალური ტენდენციები და პრობლემები. კონფერენცია „ეკონომიკა – XXI საუკუნე“.

4. პაპავა ვ. (2020). არატრადიციული ეკონომიქსი. თსუ, თბილისი.

5. გველესიანი რ, (2016) სოციალურ მეწარმეობაზე ორიენტაცია - საზოგადოებრივი უთანასწორობის დაძლევის ახალი მოცემულობა, ჟრნ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ. IX, #3, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., , გვ.107-116.

6. Преобразование нашего мира: Повестка дня в области устойчивого развития

на период до 2030 года. (2015).ООН.

7. Von Weizsäcker E.U., Wijkman A. (2018). Come On!: Capitalism, Short-termism, Population  and the Destruction of the Planet. New-York: Springer.

8. Стиглиц, Дж. (2016) Неверно оценивая нашу жизнь: Почему ВВП не имеет смысла? : Пер. с англ. / Дж. Стиглиц, А. Сен, Ж.-П. Фитусси.— М.

9. Helliwell et al., 2019.

10. Von Weizsäcker E.U., Wijkman A. (2018). Come On!: Capitalism, Short-termism, Population and the Destruction of the Planet. New-York: Springer.

11. Куликова Е. И. Устойчивый рост и устойчивое развитие в рамках парадигм регионалной экономики. Весник Бурятского Государственного Университета 2015. Вып. 2а.

12. Степин В. С. (2000) Россия в контексте глобальных цивилизационных перемен // Россия — XXI век: II Всерос. науч. конф. М.

13. Львов Д. С. (1999) Путь в XXI век: стратегические проблемы и перспективы российской экономики [Электронный ресурс]. URL: http://www.leadnet.ru/lvov/lvov16.htm

14. Ермаков А. С., Ермаков Д. С. (2012) Что такое устойчивое развитие // Химия и жизнь.. № 11. С. 24–29.

15. Концепция устойчивого инновационного роста: монография (2012) [ Редактор проф. Д. Е. Сорокин]. М.: Финансовый  университет.. 179 с.